Tuesday, January 5, 2010

მოგზაურობიდან დაბრუნება


პოსეიდონის სასახლის ნანგრევები, სუნიო, საბერძნეთი

ათენის აკროპოლი

ეპიდავროს თეატრი




საბერძნეთის პარლამენტი

ათენის აგორა

ოლიმპიური სტადიონი, ათენი

სტამბული, თურქეთი

ვისაც წაუკითხავს ჩემი პოსტი Hello Greece იცის, რომ საბერძნეთში ვაპირებდი წასვლას. საბერძნეთში უკვე ვიყავი და მართლაც ძალიან მაგარი იყო. რისი ნახვაც მინდოდა ყველაფერი ვნახე. (აკროპოლი, სუნიო, რომელიც მართლა ძალიან მაგარი გამოდგა და ა.შ) ამიტომ ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი საბერძნეთიდან. ბევრ რამეზე შეხედულება შემეცვალა (ევროპა თავისას შვრება). ასევე ვნახე ნათესავები და ქართველები, რომლებიც ძალიან დიდი შრომით შოულობენ ოჯახისთვის გამოსაგზავნ თანხას. გული დამწყდა, როდესაც ქართველებს ასეთ მდგომარეობაში ვუყურებდი :(

ამიტომ მივხვდი, რომ ისევ ჩვენ ახალგაზრდობამ (ბავშვებმა) უნდა შევცვალოთ საქართველოში რაღაც. სოფი მომიყვა "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2"-ზე რომ დაპატიჟეს ბლოგერები. ეს ძალიან კარგია, რადგან ის ადამიანები, ვისაც ბლოგი აქვთ, ცდილობენ ქვეყანაში, საზოგადოებაში, რამის შეცვლას და ნამდვილად დასაფასებელნი არიან ეს. ასევე სასიამოვნოა, როცა იზრდება ბლოგერთა რიცხვი და ბლოგინგი საქართველოში ფეხს იკიდებს. მალე ძალიან სერიოზულ სახეს მიიღებს ამაში დარწმუნებული ვარ.

Tuesday, September 22, 2009

არ მინდა ბავშვობა

მე მაშინ - before school (1990)

მე ახლა - Graduating from TSU (2009)

ამ პოსტის იდეა დღეს ავტობუსში (სხვაგან სად!) მომივიდა. ჩემ უკან ორი ბავშვი იჯდა - ორი გოგო, 7-8 წლისები იყვნენ, იმიტომ, რომ კბილები არ ჰქონდათ და ითვლიდნენ, ვის რამდენი ამოუვიდა :ლოლ: ბოლოს უკვე ჩხუბზე გადავიდნენ, რომელს უფრო სავსე ჰქონდა პირი კბილებით. რა თქმა უნდა, მთელი ავტობუსი აიკლეს, მშობლები ამშვიდებდნენ, მაგრამ არაფერი, ერთმანეთს დაუწყეს წყევლა :| სერიოზულად, გაოცებული მივბრუნდი და ვუყურებდი: "წადი და ხელები მოიჭერიო" ეუბნება ერთი ბავშვი მეორეს, "არა, შენ წადი ძაღლებთან, ხელებსაც მოგაჭრიან, ფეხებსაც, ცხვირსაც და კბილებსაცო". როგორც მივხვდი, ამ ბავშვს ჯერ ცოტა კბილი ჰქონდა ამოსული და ბრაზობდა.

უცებ წარმოვიდგინე, რომ ისევ პატარა ვარ და სკოლაში დავდივარ. NO!!!
ზუსტად პირველ კლასში, ერთი გრძელნაწნავიანი გოგოს გვერდით ვიჯექი და ვერ ვისვენებდი ხოლმე გაკვეთილზე, სანამ ბავშვები ასოებს მარცვლიდნენ, მე უკვე წერა-კითხვა ვიცოდი და მწყინდებოდა. ჰოდა, ადგა ეს გოგო და მასწავლებელს უთხრა, სოფი სხვაგან გადასვით, მას, მაწუხებსო! მერე დასვენებაზე ნაწნავებიც მოვქაჩე და ვატირე, მაგრამ ძალიან ცუდად ჩამრჩა გულში. ერთი თვეც არ იყო, რაც სკოლაში მივედი და უკვე პრობლემებს ვქმნიდი. მერე მთელი დაწყებითი კლასები და სადღაც მე-8 კლასამდე, სულ კონფლიქტები მქონდა - ხან კლასელებთან, ხან - მასწავლებლებთან.

დიდი ხნის მანძილზე, მიუხედავად ჩემი სოციალისტური შეხედულებებისა, ჯგუფური დავალებების შესრულება მეზიზღებოდა. საბედნიეროდ, უნივერსიტეტში ისეთი ადამიანები შემხვდნენ, რომლებთან მუშაობაც ერთი სიამოვნება იყო.

ცოტა სასაცილოა, ასეთ პოსტს რომ ბავშვის ბლოგზე ვწერ, მაგრამ David ისეთი ჭკვიანია, გამიგებს :)

არ მინდა ბავშვობა, ბედნიერი ვარ, ზუსტად ამ ასაკის რომ ვარ ახლა :)
ყველა ასაკს თავისი დრო აქვს, როგორც ყველაფერ სხვას - I love time, man! ;)

Wednesday, August 19, 2009

Hello, Greece!

წინა პოსტში დავწერე, რომ საბერძნეთში წასვლას ვაპირებდი და იმის შემდეგ, სამჯერ მივედი საელჩოში, დღეს გამიშვეს. :) ძალიან მაგარი იქნება საბერძნეთი, ვნახავ აკროპოლისს, კუნძულებს და ა.შ ასევე თურქეთს, იქ, როგორც ვიცი, ბევრი რამ არის სანახავი :) აუცილებლად დავწერ ბევრ პოსტს, დავდებ ბევრ სურათს და რასაც ვნახავ, ყველაფერს მოგიყვებით.
დღეს საბერძნეთის საელჩოში შესვლას ველოდებოდით და დაახლოებით, ერთი(ორი) საათის შემდეგ უკვე ძალიან დავიღალეთ; მე მაქვს ასეთი ჩვევა, რომ რაც არ უნდა დაღლილი ვიყო მაინც ვლაპარაკობ, უფრო მეტსაც კი ვიდრე ისე :) Sunny ძალიან დაიღალა და "მეჩხუბებოდა", ამდენს ნუ ლაპარაკობო :) მაგრამ ჩემი გაჩერება ასე ადვილი არ არის :) მერე გავჩერდი (წუთშესვენება ავიღე) დაახლოებით ხუთი წუთით და ისევ გავაგრძელე ;))))

მოკლედ საბერძნეთში მივდივარ :) მომავალ დაპოსტვამდე! ;)))

Sunday, August 9, 2009

To Greece

ყველამ, ვინც ჩემს ბლოგზე შემოდიოდა, იცის, რომ დიდი ხანია აღარ დამიწერია. ეს იმის ბრალია, რომ ბლოგის პაროლი დამავიწყდა :) მაგრამ არაუშავს, ვეცდები, გამოვასწორო ეს შეცდომა და ბევრი პოსტი დავწერო :) დავიწყებ ჩემი პოსტის წერას.

წინა პოსტში გიყვებოდით თიანეთის პრობლემებზე, მაგრამ ამ პრობლემებიდან ზოგიერთი გამოსწორების გზაზეა. :) მაგალითად, გზებს აკეთებენ; მართალია, მთელი ზაფხული ერთ ქუჩას, მაგრამ მაინც. ასევე წყალსაც.
მოკლედ თიანეთის რევულუციის მომსწრე ვხდები. ახლა თბილისში ვარ, იმიტომ, რომ საბერძნეთში წასვლას ვაპირებ დასასვენებლად და ხვალ საელჩოში შევდივარ. ვნახოთ, რა იქნება :)
P.S. ამიერიდან ბევრ პოსტს დავწერ.

Tuesday, May 12, 2009

თიანეთი

თიანეთის შესახებ ბევრმა თქვენგანმა არაფერი იცის და მე მინდა ავღწერო თუ როგორია თიანეთი რომელიც ძალიან მიყვარს.
ქუჩები დანგრეულია, პარკი, სკვერი ან ასეთი რამ არ არსებობს, შენობები დანგრეულია, გაზი არ არის, წყალიც ხშირად არ არის, ასევე დენი.
ალბათ გაგიკვირდებათ რატომ მიყვარს თიანეთი? პასუხი: თქვენ რატომ გიყვართ საქართველო?

Thursday, April 23, 2009

საკუთარი ხე

ამბობენ, რომ ყველა ადამიანს თავისი ხე აქვს და ეს ხე გამოხატავს მის ხასიათს. ჩემთვის საყვარელი ხე, რატომღაც, თუთის ხეა, ალბათ იმიტომ, რომ ის ძლიერიცაა და ნაყოფსაც იძლევა. ეს თუთის ხე ჩემს ეზოში დგას და რატომღაც არ იზრდება. ალბათ, ეს ხე იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც შეუძლია განვითარება, მაგრამ რაღაცის ან ვიღაცის გამო ვერ ვითარდება. უნდა ვეცადოთ, რაც შეგვიძლია, განვვითარდეთ, რადგან ცხოვრებამ წინ შეიძლება ბევრი განსაცდელი დაგვახვედროს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ შევჩერდეთ და ცხოვრობა ჩვეულ რიტმში გავაგრძელოთ.

Wednesday, March 18, 2009

და გადაეფარა დედამიწას თეთრი საბანი...

მოვიდა ზამთარი და თოვლმა დაფარა დედამიწა. თოვლს თან დაერთო შეუბრალებელი ყინვები, ქარები, ნამქერები. თითქოს ყველაფერი თეთრად დაიფარა. გაახვიეს დედამიწა თეთრ საბანში, თეთრი პლანეტისკენ მიჰყავთ. თავისი ხალხით, თავისი მთებით, თავისი დიდრონი ხეებით.... “დაიფარა დედამიწა თეთრი სამოსელით.” ეს სიტყვები ზოგისთვის სიხარულია, ზოგისთვის მწუხარება, ზოგისთვის ბედნიერება, ზოგისთვის უბედურება. საწყალი ხალხი გაყინული ხელებით, ფეხებით სახლებში ემალება ყინვას, მაგრამ, ესენი ვინ არიან? ნუთუ ბავშვებს არ ეშინიათ ყინვის,- არა, მათ ზამთარი ვერას დააკლებს. მხიარულად დახტიან თეთრ თოვლის საბანზე. დიდრონი ხეები მოხარა წელში ზამთარმა, მაგრამ ამ პატარა თითქოს სუსტ და დაუცველ ბავშვებს ვერას აკლებს და ყოველთვის ასე იქნება, სანამ ბავშვები იქნებიან ჩვენს პლანეტაზე.