Tuesday, January 6, 2009

"კაცია-ადამიანი 2"

იმედია, არავინ მიწყენთ, ჩემო ბატონო, ილიას გენიალური მოთხრობის სათაური რომ გამოვიყენე, მაგრამ ჩემი მოთხრობა ილიას მოთხრობის ანტიორეულია. სრულიად განსხვავებული ტიპაჟის გმირებიანი. ამით მე ყველას მინდა დავუმტკიცო, რომ ქართველებსაც შეგვიძლია, არ ვიყოთ ლუარსაბები და ლუარსაბისნაირები. მოდი, თავი რომ არ მოგაწყინოთ, დავიწყოთ მოთხრობის მოყოლა.

თავი 1
ლილიპუტას სახლი
შორიდანვე ჩანდა სოფელ "გუბურაში" მაღალი და ლამაზი სახლი. ეზოში რომ შეხვიდოდით, თვალწინ, სწორედაც რომ, ედემის ბაღი გადაგეშლებოდათ - ირგვლივ ყვავილებში ჩაფლული დიდი გაზონები, ლამაზი ფერის საფეხურებით აწყობილი ბილიკი, სახლი თეთრი, ლამაზი, ნამდვილი სასახლე. ალბათ იკითხავთ, ვისია ეს სასახლე, მაგრამ ჯერ შიგნიდან დავათვალიეროთ. შეხვალ თუ არა, თვალში გეცემა ლამაზი აივანი, რომელიც მეორე სართულზეა. პირველ სართულზე ბევრი ყვავილი დგას, ლამაზი დივნები, ლამაზი სავარძლები, კედლებიც თეთრია. მოკლედ, იფიქრებთ, მთელმა ჯარმა დაალაგა ყველაფერიო. მეორე სართული კი უფრო ლამაზია – ბევრი ვარდი, ლამაზი სავარძლები, ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედი, კედლები კი, რა თქმა უნდა, თეთრი.

თავი 2
ლილიპუტას ცხოვრება
დარწმუნებული ვარ, ყველა ფიქრობთ, ამ სახლში ბევრი ხალხი ცხოვრობს, თანაც ძალიან ყურადღებიანი და კარგიო. ბევრის რა მოგახსენოთ, მაგრამ კარგი და ყურადღებიანი კი იყო ლილიპუტა. ლილიპუტა ერთი დაბალი და გამხდარი კაცი იყო, ძალიან უყვარდა ულვაშები და დიდი ულვაშები ჰქონდა, შავი თვალები, ცოტა განიერი ცხვირი, მოშავო კანი და დიდი წარბები. თმები კეფაზე სულ აღარ შერჩენოდა, მოკლედ, რომ შეგეხედა, ნამდვილი ქონდრისკაცი იყო. მართალია ასეთი მახინჯი იყო ლილიპუტა, მაგრამ გული ჰქონდა კეთილი. სიწყნარე უყვარდა ძალიან, ამხელა სახლში მარტო ცხოვრობდა, მაგრამ მაინც ვერ ძღებოდა სიწყნარით. სიწყნარეზე მეტად კი - სისუფთავე უყვარდა, სულ სახლს ალაგებდა. ბავშვები არ უყვარდა, რადგან ხედავდა, როგორ ურევდნენ სახლს. სულ მომავალზე ფიქრობდა, ხვალინდელი დღით ცხოვრობდა ლილიპუტა, მისთვის მომავალი იყო მთავარი, იქ ინახავდა ოცნებებს, რომლებიც ხშირად იმსხვრევა. სიკეთის გაკეთება არასოდეს დაჰზარებია, მათხოვარს არ გამოტოვებდა. ერთადერთი მეგობარი ჰყავდა, მისგან სრულიად განსხვავდებოდა. მაღალი და ტანადიც იყო, ცოლ-შვილიც ჰყავდა და მუსიკაც უყვარდა. ლილიპუტას მისი სილამაზის არ შურდა, აკი უკვე ვთქვით, კეთილი იყოო.

თავი 3
ლილიპუტას ცოლი მოჰყავს
ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ლილიპუტა თავის სახლში ტრიალებდა, მეგობრმა დაუბარა, წამომყევიო. ლილიპუტა და მისი მეგობარი იქვე ეზოში ჩამოსხდნენ და ლაპარაკი დაიწყეს. მეგობარმა უთხრა, კაცო, ასე მარტოხელა როდემდე უნდა იყო, ადე, გაიარე, გამოიარე, იქნება, ვინმე მოგეწონოს, იქნებ იმასაც მოეწონო და ოჯახი შექმნათ; ერთი კარგი გოგო მყავს შენთვის არჩეული, იქნება შენი ბედი იყოსო. ლილიპუტამ თავი ჩაღუნა, აბა, მე ცოლად ვინ გამომყვებაო, თანაც დალაგებული ცხოვრება უნდა ამირიოსო. კაცო, იქნებ, აგირიოს კი არა, უფრო დაგილაგოს, არ ეშვებოდა მეგობარი. ლილიპუტაც დათანხმდა. წავიდნენ, ნახეს გოგო. მეწისქვილის გოგო იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი, თეთრი, ლილიპუტაზე კარგად მაღალი, შავი გრძელი თმა, ცისფერი თვალები და ლამაზი ცხვირი ჰქონდა. ლილიპუტა გოგოს რომ შეხედავდა, ლამის იქვე მიწაში ჩამძვრალიყო, მაგრამ გოგოს არ ჰქონდა თავის თავზე დიდი წარმოდგენა და ლილიპუტას ერთი-ორი სიტყვის შემდეგ ცოლობაზე დათანხმდა. ლილიპუტა და მისი ცოლი თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ მათ სახლში ყოველთვის სიწყნარე და სისუფთავე იქნებოდა. პატარა ქორწილი გადაიხადეს, სულ ოცი კაცზე. ლილიპუტა ამ აყალმაყალმა გააცოფა, მაგრამ მაინც ქორწილი იყო და მოითმინა. როცა ქორწილი დამთავრდა და ყველაფერი ისევ დალაგდა, ლილიპუტა და მისი ცოლი მარტო დარჩნენ, ლაპარაკი დაიწყეს. ლილიპუტამ უთხრა, ჩემი სახლი თუ მოგწონს? ქალმა თავი ჩაღუნა და უპასუხა: ძალიანო. მე ამ სახლს სულ ვალაგებო, აღარ იცოდა, რაზე ელაპარაკა ლილიპუტას. მეც მოგეხმარები, თქვა გოგომ. მოკლედ, პირველი ღამე სახლის დალაგებაში გაატარეს ლილიპუტამ და მისმა ცოლმა. ერთ წელში შვილიც ეყოლათ. ბავშვი ლილიპუტასავით წყნარი იყო, არც ტიროდა ხოლმე. ცოლიც წყნარი იყო და მათ სახლში ყოველთვის სიწყნარე სუფევდა.

თავი 4
ოჯახი
დრო გადიოდა, ბავშვი წამოიზარდა, ცოტა ახმაურდა ოჯახი. ლილიპუტაც აღარ იყო ისეთი წყნარი, როგორც ადრე. ის კი არა, ხანდახან სტუმრების მიყვანაც დაიწყო. სახლზე ვერ ვიტყვით, ოდნავ მაინც აირიაო, ან ყვავილები ვეღარ ჰყვავიან ძველებურადო. პირიქით, წინანდელზე სუფთა იყო. ბავშვი ექვსი წლის რომ გახდა, პირველად წავიდა სკოლაში. ბიჭი კარგად სწავლობდა, თანაც კლასში ყველაზე მაღალი იყო. ბიჭს შავი თმა და წარბები ჰქონდა, ცისფერი თვალები, თეთრი კანი, თითქოს დედამისის ასლი გადმოიღესო. მამის მხოლოდ ცოტა განიერი ცხვირი ჰქონდა. ბედნიერი იყო ლილიპუტა, რომ დაუჯერა მეგობარს და მოიყვანა ცოლი. ლილიპუტას წყნარი ოჯახიდან ხშირად ჰარიჰარალოს ხმა გამოდიოდა.

დასასრული
მე ილია ჭავჭავაძეს ვერაფერში შევედრები, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, არეული სახლ-კარი არ ნიშნავს, რომ ქართველია. ყველა ქართველს შეგვიძლია, არ ვიყოთ ლუარსაბები, დარეჯნები და ვიყოთ ლილიპუტასნაირი სუფთები, წყნარები, მოქნილები; და კიდევ ერთი, ამ მოთხრობაში, ვწერ იმაზე, რომ ადამიანის გარეგნულად შეფასება არ შეიძლება, ლილიპუტას არ იყო თათქარიძესავით მაღალი, მაგრამ მასზე ათი თავით მაღლა იდგა. მე ლუარსაბს ერთი რჩევა მინდა მივცე: როგორც ილიამ თქვა, სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ქართველებს – ენა, მამული, სარწმუნოება. რომ შეგეკითხო, მეტყვი, მე მათი დაცვისთვის რა უნდა გავაკეთოო. გეტყვი, შენ რომ გგონია, სწავლა ქალის საქმეაო, ამით ენას ვნებ. მამულისთვის ჭამა – სიყვარული არ არის, სარწმუნოება კი, მხოლოდ ეკლესიაში არ გამოიხატება.

დათო მოსახლიშვილი
დეკემბერი, 2008