Wednesday, March 18, 2009

და გადაეფარა დედამიწას თეთრი საბანი...

მოვიდა ზამთარი და თოვლმა დაფარა დედამიწა. თოვლს თან დაერთო შეუბრალებელი ყინვები, ქარები, ნამქერები. თითქოს ყველაფერი თეთრად დაიფარა. გაახვიეს დედამიწა თეთრ საბანში, თეთრი პლანეტისკენ მიჰყავთ. თავისი ხალხით, თავისი მთებით, თავისი დიდრონი ხეებით.... “დაიფარა დედამიწა თეთრი სამოსელით.” ეს სიტყვები ზოგისთვის სიხარულია, ზოგისთვის მწუხარება, ზოგისთვის ბედნიერება, ზოგისთვის უბედურება. საწყალი ხალხი გაყინული ხელებით, ფეხებით სახლებში ემალება ყინვას, მაგრამ, ესენი ვინ არიან? ნუთუ ბავშვებს არ ეშინიათ ყინვის,- არა, მათ ზამთარი ვერას დააკლებს. მხიარულად დახტიან თეთრ თოვლის საბანზე. დიდრონი ხეები მოხარა წელში ზამთარმა, მაგრამ ამ პატარა თითქოს სუსტ და დაუცველ ბავშვებს ვერას აკლებს და ყოველთვის ასე იქნება, სანამ ბავშვები იქნებიან ჩვენს პლანეტაზე.

უპატრონო

გიორგი და ნიკა ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ. ნიკა მაღალი და გამხდარი, ხოლო გიორგი დაბალი და მსუქანი იყო. იქ ძალიან ცუდად ექცეოდნენ. თითქმის ყოველდღე სცემდნენ, წესიერად არ აჭმევდნენ, დაძონძილი ტანსაცმლით დაჰყავდათ. მათ ოთახში ძალიან ციოდა იმიტომ რომ ხანდახან შეშა არ ქონდათ. ერთ დღესაც ნიკამ გადაწყვიტა გაქცეულიყვნენ ბავშვთა სახლიდან და გიორგისაც გაანდო. ერთ ჩვეულებრივ დღეს როცა ნახევრად უშაქრო ჩაის და გამხმარ კარაქიან პურს ჭამდნენ, დაინახეს, რომ მათი მომვლელი, რომელიც ძალიან ბოროტი იყო, გარეთ გავიდა ეზოს კარების გასაღები კი ოთახში დარჩა. ნიკამ დრო იხელთა და გასაღები აიღო, გიორგის ანიშნა გამომყევიო მასაც ბევრი არ უფიქრია მაშინვე გაყვა. ეზოს კარებთან მივიდნენ, ნიკამ კარი გააღო და გარეთ გამოვიდნენ. გზაზე მთელი ძალით გარბოდნენ. როცა ბავშვთა სახლს კარგად მოშორდნენ გადაწყვიტეს თავშესაფარი მოეძებნათ. ბევრი იარეს, ბოლოს ერთ მიტოვებულ ჯიხურს მიადგნენ და შიგნით შევიდნენ. პატარა ღუმელი იდგა, იქვე შეშა და ასანთიც იდო. გადაწყვეტეს ღუმელი დაენთოთ. დაანთეს კიდეც. სანამ ღუმელში ცეცხლი დაენთებოდა პატარა ბიჭი შემოვიდა დახეული ტანსაცმელი ეცვა, მუხლთან გამოხეული შარვალი, დახეული ჟაკეტი და დაგლეჯილი ქუდი ეხურა. _ თქვენ ვინ ხართ? ჩემს სახლში რას აკეთებთ? _ გაბრაზებით იკითხა ბიჭმა. _მე გიორგი ვარ, ეს კი ნიკა. _ დაბნეულად უპასუხა გიორგიმ. _ ბავშვთა სახლიდან გამოვიქეცით და თავშესაფარი გვინდოდა, მაგრამ თუ შენი სახლია შეგვიძლია წავიდეთ _ აგრძელებდა გიორგი. _ მშობლები თუ გყავთ? _ შეეკითხა ბიჭი. _ არა, მოწყენით უპასუხეს ბიჭებმა. _ შეგიძლიათ აქ იყოთ, მე ირაკლი ვარ, ეს სახლი გუშინ ვიპოვე და გადმოვსახლდი, კარგი ბიჭები ჩანხართ ერთად ვიცხოვროთ. საჭმლის შოვნა ძალიან მიჭირს, ქურდობა არ მიყვარს მაგრამ მიწევს ხოლმე, ისე შიმშილით მოვკვდები, თქვენც უნდა დამეხმაროთ. _ ჩვენ არასოდეს არაფერი მოგვიპარავს. _ თქვა გიორგიმ. _არა უშავრს, ისწავლით _ ღიმილით თქვა ირაკლიმ. მეორე დღეს ბაზარში წავიდნენ საქურდნელად. გიორგის ვაშლი უნდა მოეპარა ამ დროს ერთმა ქალმა მოჰკიდა ხელი და უთხრა: _ რატომ ქურდობ პატარავ წამოდი ჩემთან წაგიყვან, მე შვილი არ მყავს და შენ იყავი ჩემი შვილი. გიორგის გაუხარდა და სიხარულით წაჰყვა. ოჯახში ძალიან კარგად ექცეოდნენ, არაფერს აკლებდნენ, მაგრამ მეგობრები მაინც მოენატრა განსაკუთრებით კი ნიკა, მასთან ერთად ხომ იმდენი რამ ჰქონდა გადატანილი. ერთ დღეს როცა ნიკა და ირაკლი მოწყენილები ისხდნენ დაინახეს გიორგი რომელიც მათკენ მორბოდა. ირაკლი და ნიკაც გაიქცნენ გიორგისკენ და ერთმანეთს ჩაეხუტა სამი მაწანწალა, რომლებიც არ იყვნენ მიჩვეული ოჯახს და იქ ვერ ჩერდებოდნენ.

მე მინდოდა ჩემი მოთხრობით ყველასთვის მიმეხვედრებინა, რომ ძალიან ბევრი ბავშვი მართლა ასეთ დღეშია და მათ დახმარება სჭირდებათ. რამდენად გამომივიდა ეს თქვენ გადაწყვიტეთ.

დათო მოსახლიშვილი